ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდრე ვერშბოუ საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა. ვერშბოუმ და ჯანელიძემ შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული ელემენტების განხორციელების დეტალებზე. მხარეებმა ის შესაძლებლობები, ვალდებულებები და არსებული რესურსები განიხილეს, რომლებიც დაკავშირებულია პაკეტის განხორციელებასთან.
„ყურადღება დავუთმეთ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომლის იმპლემენტაციის პროცესიც უკვე დაწყებულია. ჩვენი აპარატი მუშაობს ნატო-ს შტაბბინასთან ყოველდღიურ რეჟიმში იმისათვის, რომ შედგეს სამოქმედო გეგმა და დამთავრდეს სამოქმედო გეგმის კონკრეტული ინიციატივების განხორციელების კუთხით მუშაობა. განისაზღვროს თითოეული ინიციატივის განხორციელების დრო და პირობები. ვფიქრობთ, ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო მეტად ნათელი წარმოდგენა გვექნება მას შემდეგ, რაც თებერვლის დასაწყისში მინისტერიალი ჩატარდება,“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ალექსანდრე ვერშბოუმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ რამდენიმე თვეში შეიკრიბება მრჩეველთა ძირითადი გუნდი და გაერთიანებული წვრთნებისა და შეფასების ცენტრის დეტალებზე დაიწყებს მუშაობას.
"პირველ რიგში განისაზღვრება არა მხოლოდ ცენტრის ადგილმდებარეობა, არამედ მისი ამოცანები, მისია და მიზანი, თუ როგორ უნდა გახდეს ძალიან ეფექტური, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები და ნატო-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგნელებიც მომზადდებიან,“- განაცხადა ალექსანდრე ვერშბოუმ.