ზურაბ ჟვანიას საქმეზე სასამართლომ ყოფილ მთავარ პროკურორს აღმკვეთი ღონისძიების სახით სამიათასლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლემ განაჩენი რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ გამოაცხადა.
მამუკა გვარამია და როსტომ ლაზარია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ყოფილი მთავარი პროკურორის მსგავსად, გირაო შეეფარდა ასევე სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილესაც. პროკურატურა ორივე პირის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.
წინასასამართლო სხდომა 26 მარტს 15:00 საათზე დაინიშნა.
მამუკა გვარამია 2004 წელს იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელიც ყოფილი პრემიერის გარდაცვალების გარემოებებს იძიებდა. მასთან ერთად ბრალდებულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უფროსის ყოფილი მოადგილეც, რომელიც იმ პერიოდში გვარამიას თანაშემწედ მუშაობდა.
გამოძიება მამუკა გვარამიას და როსტომ ლაზარიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება.
რაც შეეხება უშუალოდ ბრალის წაყენების პროცედურას, როგორც გაირკვა, ყოფილ პროკურორებს დადგენილება ბრალის შესახებ 31 იანვარს გააცნეს. თუმცა, ინფორმაცია ამის შესახებ პროკურატურამ მხოლოდ დღეს, 5-დღიანი დაგვიანებით გაავრცელა.