საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინდია ჯანელიძესა და ჩაკ ჰეიგელს შორის შეხვედრა ალიანსის შტაბ-ბინაში ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე კოლეგებმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკულ მხარეს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და გამოხატა მზადყოფნა, აქტიურად გააგრძელოს ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერა.
ასევე აღინიშნა პრეზიდენტ ობამას ევროპის მიერ მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში საქართველოსთვის დაგეგმილი დახმარების მნიშვნელობა.