რუსეთი ამ ეტაპზე მთლიანად კონცენტრირებულია უკრაინაზე, თუმცა საქართველოსთან მიმართებით შესაფერის დროს ელოდება, - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ნორვეგიაში ვიზიტისას გამართულ შეხვედრებზე განაცხადა. მისი თქმით, არსებობს დიდი ალბათობა და მოლოდინი, რომ ნატოს უელსის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეულმა შედეგებმა რუსეთის მხრიდან ვითარების დაძაბვის საფრთხე წარმოშვას.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობს. ოსლოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნიდერლანდის სამეფოს სენატის პრეზიდენტს, ანკი ბროკერს-ნოლს, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს, ბოგდან ბორუსევიჩს, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს, ნორვეგიის პარლამენტის პრეზიდენტს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსაც შეხვდა.