ქონების იძულებით ჩამორთმევის და ადამიანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს პარლამენტში ერთდროულად 2 სამუშაო ჯგუფი შეისწავლის.
3 თვის განმავლობაში დეპუტატები დასკვნას მოამზადებენ, რომელიც საბოლოო რეაგირებისთვის მთავარ პროკურატურაში გადაიგზავნება.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 2 წლის განმავლობაში 26 000 დოკუმენტია დარეგისტრირებული.
სამუშაო ჯგუფში ოპოზიციონერებიც გაერთიანდნენ. თუმცა მათ კოორდინატორებთან კითხვები აქვთ. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს.
პარლამენტში გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მმართველი გუნდი ჯერ კიდევ 2 წლის წინ გეგმავდა. მაშინ კომისიის თავმჯდომარედ თინა ხიდაშელი უნდა დანიშნულიყო. ხიდაშელი დღეს საქართველოში არ იმყოფება.
2012 წლის ნოემბერში კი "ნაციონალურმა მოძრაობის" მიერ ინიცირებული იყო პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები უნდა ყოფილიყო და კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება უმცირესობასაც უნდა ჰქონოდა. მმართველმა გუნდმა ეს ინიციატივა ჩააგდო.
სამუშაო ჯგუფის პირველი შეკრება, სავარაუდოდ, მომვალ კვირაში შედგება.
სამუშაო ჯგუფების მუშაობაში სახალხო დამცველის აპარატიც ჩაერთვება. შესაძლოა დეპუტატებმა ის საქმეებიც განიხილონ, რომლებიც ნანუაშვილის უწყებაში აწყვია.