დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ „ლიბერთი ბანკსა“ და თბილისის მერიას შორის მოხდა გარიგება, რის შედეგადაც მერიამ 10,5 მილიონი ლარის ოდენობის ზარალი განიცადა. მერიის ყოფილი თანამდებობის პირები კი მერს საბანკო სექტორზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება ნარმანიამ დღეს მერიაში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან იმ ხელშეკრულების შესახებ ილაპარაკა, რომელიც ბანკსა და მერიას შორის გაფორმდა და რომლის მიხედვითაც, მერის თქმით, თბილისის ბიუჯეტმა ათი მილიონი ლარი იზარალა.
ნარმანის მტკიცებით, 2010 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ლიბერთი ბანკი თბილისის მერიის ანგარიშზე არსებულ ნაშთს საპრიცენტო წლიურ განაკვეთს 16 პროცენტს არიცხავდა. 2013 წელს კიდევ ერთი ხელშეკრულების შედეგად, საპროცენტო განაკვეთი 4-მდე შემცირდა. სწორედ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რადგან ნარმანია ეჭვობს, რომ ლიბერთი ბანკსა და თბილისის წინა მთავრობას შორის კორუფციული გარიგებები არსებობდა.
„2013 წლის 17 აპრილს თბილისის მერიასა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეტანილი იქნა ცვლილებები და დამატებები, რომლის მიხედვითაც საპროცენტო განაკვეთების დარიცხვა შემცირდა. მინიმალური ზღვარის - 40 მილიონი ლარის ქვემოთ არსებულ თანხებს ერიცხება 16,05% , ხოლო 40 მილიონ ლარზე ზემოთ, ადრე არსებული 16,5%-ის ნაცვლად ერიცხება 4%, დოლარში არსებულ თანხას ერიცხება 2%, ნაცვლად 11%-სა, ხოლო ევროში არსებულ თანხას - 2%, ადრე არსებული 8%-ის ნაცვლად,“ - ამბობს ნარმანია და დასძენს, რომ „თბილისის მერიას 2013 წლის 17 აპროლიდან 2014 წლის აგვისტომდე დაახლოებით 10,5 მილიონი ლარი დააკლდა“.
ამ ბრალდებას აბსურდული უწოდეს საკრებულოს ნაცმოძრაობის დეპუტატებმა, რომლებიც მერიის ყოფილი თანამშრომლები არიან.
„არანაირი სქემა მას არ გაუშიფრავს, ეს არის ზოგადად საბანკო სექტროში განხორციელებული ცვლილების შედეგი და კარგი იქბნებიდა, როგორც სხვა შემთხვევაში, მას უკეთესი მრჩევლები ჰყოლოდა, ან საბანკო სექტორისთვის მაინც ეკითხა რჩევა და ამის შემდეგ გაეკეთებინა კომენტარი და თავი არ ჩაეყენებინა სასაცილო მდგომარეობაში,“ - ამბობს თბილსის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარე, ირაკლი აბესაძე.
მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე კი ამბობს, რომ „ნარმანიამ პროცენტის თვლა არ იცის და ასევე პრობლემები აქვს გამრავლების ტაბულასთან“.
„ამაზე ჩვენ წინა ბრიფინგებზე უკვე ვისაუბრეთ, ამიტომ ის, რასაც მას აწვდიან, არის სრული აბსურდი. როგორც ჩანს, ის აბსოლუტურად არ იცნობს საბანკო სისტემას და აქედან გამომდინარე, მის კომენტარები არის სრლიად აბსურდული,“ - ამბობს სევდია უგრეხელიძე.
ნარმანია აცხადებს, რომ დოკუმენტაცია სამართალდამცავ ორგანოებს დღესვე გადაეგზავნება და არ გამორიცხავს, რომ თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.