სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული გიორგი ელიზბარაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დასახელებულ ბრალდებას უარყოფს.
მისი თქმით, სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულების დირექტორს ედავებიან იმისათვის, რომ მან თითქოსდა უპირატესობა მიანიჭა ზოგიერთ პატიმარს, რომლებსაც შეეძლოთ ციხეში თავისუფლად გადაადგილება.
როგორც ადვოკატმა განმარტა, აღნიშნული დაწესებულება ნახევრად ღია და ღია საპატიმროა, შესაბამისად, მსჯავრდებულებს გადაადგილებისთვის უწყების ხელმძღვანელის ნებართვა არ სჭირდებათ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ელიზბარაშვილი ცოტა ხნის წინ დააკავეს. გამოძიება 332-ე მუხლით მიმდინარეობს. ინფორმაცია ელიზბარაშვილის დაკავების შესახებ დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში დაადასტურეს, სადაც განმარტეს, რომ საპატიმროში მსჯავრდებულებს შორის ძალადობის ფაქტი მოხდა. მათი თქმით, ფაქტზე 7 მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, ამავე ფაქტზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან გიორგი ელიზბარაშვილსაც.
მას ბრალს დღის ბოლოსთვის წარუდგენენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი, ელიზბარაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.