საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მისივე თანაგუნდელების პროტესტს პასუხობს.
ვოლსკი უმრავლესობაში არაკოორდინირებულ მუშაობას გამორიცხავს. თუმცა აცხადებს, რომ არის გარკვეული თემები, რომელზეც მეტი კომუნიკაცია არის საჭირო. ვოლსკი არც იმ მოსაზრებას იზიარებს, რომ კრიტერიუმი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი კანდიდატის შესახებ მიუღებელია.
„რად უნდა იმას თქმა, რომ ადამიანი, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ათი წელი, არ უნდა ემორჩილებოდეს ვინმეს პოლიტიკურ ნებას? რა დიდი კრიუტერიუმია ახლა ეს შესაფასებლად და ამხელა ამბის ასატეხად? ადამიანმა უნდა იცოდეს სამართალი და პროფესიონალი უნდა იყოს, აბა, არ უნდა იყოს?" - განაცხადა ვოლსკიმ.
უმრავლესობაში დაპირისპირება უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. დიმიტრი ხუნდაძე პირველი დეპუტატი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრიორიტეტებზე მასთან უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს არ უსაუბრია და კრიტერიუმი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლების შესახებ არაკონსტიტუციურია.