ჯოკია ბოდოკიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება ამის შესახებ მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროცესის დაწყებამდე კი საქმის პროკურორმა მალხაზ გეწაძემ განაცხადა, რომ ბოდოკიამ ქრთამი შპს "დარიოუშის" ხელმძღვანელის ნათია მახარაშვილისგან აიღო, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა. პროკურორის ინფორმაციით, "დარიოუშს" სასტუმრო თაბუკაშვილის ქ. 32-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უნდა აეშენებინა, რის მფარველობასაც შპს-ს ხელმძღვანელს ბოდოკია დაჰპირდა. გეწაძის თქმით, საქმეში არის ვიდეომტკიცებულებებიც.
პროკურატურა ბოდოკიას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. საუბარია 180 ათას დოლარზე.
გამოძიების ვერსიით, მან ერთ-ერთ კომპანიას, გარკვეული შეღავათების უზრუნველყოფის პირობით, 180 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა, თანხის ნაწილი - 50 ათასი დოლარი კი წინასწარ გამოართვა.
ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. თუმცა, მისი ინტერესების დამცველის განმარტებით, ბოდოკია დანაშაულს არ აღიარებს.