პრეზიდენტს დაქვემდებარებულ ორგანოს მთავრობის ზოგიერთი წევრი გამოაკლდება. სამაგიეროდ პარლამენტის თავმჯდომარე, ორი კომიტეტის ხელმძღვანელი და გენშტაბის უფროსი მუდმივი წევრის სახით დაემატება.
ამ ცვლილებას „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის პროექტი ითვალისწინებს, რომლის განხილვა პარლამენტში უკვე დაწყებულია.
ცვლილებების თანახმად, ფინანსთა მინისტრი საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი აღარ იქნება, თუმცა საბჭოს ეყოლება ახალი მუდმივი წევრები პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის სახით.
პროექტის გათვალისწინებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები იქნებიან: პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.
ამასთან, პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე სხვა პირები მოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში კი, თუკი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოწვეული იქნება მთავრობის წარმომადგენელი, ამას პრემიერ-მინისტრთან შეთანხმება დასჭირდება, ხოლო პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების მოწვევის შემთხვევაში – შეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარესთან.