"უკრაინის სუვერენული უფლებაა მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა," - ეს განცხადება უკრაინის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთა. ვასილ ციბენკოს განცხადებით, რუსეთს სურს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაფუჭება, მაგრამ, როგორც ელჩი აღნიშნავს, მათ ეს არ გამოუვათ.
„უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინა არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც აქვს უფლება მიიღოს ის გადაწყვეტილება, რასაც ის საჭიროდ მიიჩნევს. ბოლოს და ბოლოს, ეს უკრაინის შიდა საქმეა. პეტრე პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი მრჩევლად უკრაინის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე დანიშნა. პოროშენკომ გაითვალისწინა რეკომენდაციები. არმიის მოდერნიზების, უცხოური ინვესტიციების და დონორების მოზიდვის თვალსაზრისით, მიხეილ სააკაშვილს დიდი გამოცდილება აქვს. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული. ბოლოს და ბოლოს, ჯერ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი არ აქვს მიღებული,” - განაცხადა უკრაინის ელჩმა ჟუნრალისტებთან საუბრისას.
საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსული უკრაინის ელჩი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე უკრაინაში ამ დრომდე მიმდინარეობს მუშაობა და ის ახლო მომავალში შედგება.
განცხადებები უკრაინის ელჩმა საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ციბენკომ თამარ ბერუჩაშვილის უწყებას მიხეილ საააკშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა ქართველმა დიპლომატმა უკრაინის ელჩი განმარტებებისთვის გუშინ დაიბარა.