თბილისის მერი ამბობს, რომ მომავალი წლიდან სახელფასო დანამატსაც ხელფასი დაერქმევა. თუმცა, ის არაფერს ამბობს იმაზე, სახელფასო სარგო საერთო ჯამში რამდენით განისაზღვრება და ამის მერე დანამატის საკითხი როგორ გადაწყდება.
„ბიზნეს კურიერთან“ საუბრისას დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ გეგმავს, „მომავალი წლის იანვრიდან სახელფასო დანამატს დავარქვათ ხელფასი“.
მისი განმარტებით, ცალკე დანამატი აღარ გაიცემა და თანამშრომლები შრომით ანაზღაურებას სწორედ ხელფასის ფორმით მიიღებენ, თუმცა მერს არ დაუკონკრეტებია, ნიშნავს თუ არა ეს ხელფასის გაზრდას.
ამასთან, ნარმანიამ იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც მერიის მაღალჩინოსნები ხელფასთან ერთად დანამატს იღებენ და აღნიშნა, რომ აუცილებელია კვალიფიციურ კადრებს სათანადო შემოსავალი ჰქონდეთ, რომ საჯარო სექტორმა კერძო სექტორთან კონკურენცია შესძლოს.
თბილისის მერის განმარტებით, პირადად ის დანამატს არ იღებს.
"მე ვიღებ შრომის ანაზღაურებას დაახლოებით 3 500 ლარამდე და არ ვიღებ დანამატს. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ", - აღნიშნა თბილისის მერმა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციაში მათ სხვა ხარჯები შეამცირეს, რითაც საბიუჯეტო თანხების დაზოგვა მოახერხეს.
"კერძოდ შემცირდა ხარჯები კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, ავტომანქანების შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები – 600 ათას ლარზე მეტი დავზოგეთ წლის ბოლომდე ამ ეკონომიით, რაც სხვა პროექტების განსახორციელებლად გამოვიყენეთ," - დასძინა ნარმანიამ.