16 იანვარი 2026,   20:47
ვრცლად
უკრაინამ საქართველოს სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადირებაზე უარი უთხრა

უკრაინულმა მხარემ საქართველოს მოთხოვნა - დაეკავებინათ და საქართველოსთვის გადმოეცათ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი - არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო ორგანო აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ ქართულ მხარესთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. 

"ვინაიდან მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს საქართველოში წაყენებული აქვთ ბრალდებები და მათზე გამოცხადებულია ძებნა, ამასთან, ადეიშვილი იძებნება წითელი ცირკულარით და ასევე, ვინაიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხსენებული პირები იმყოფებიან უკრაინაში, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართა ხსენებულ პირთა დადგენა-დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობებით. მიუხედავად ქვეყნებს შორის ექსტრადიციის სფეროში არსებული ზემოთ დასახელებული ვალდებულებებისა, უკრაინის მხარეს მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხზე საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან არ უთანამშრომლია და უარს აცხადებს ძებნილი პირების ექსტრადირებაზე," - ნათქვამია საგამოძიებო ორგანოს განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ძებნილ პირთა ექსტრადიცია ხორციელდება "ექსტრადიციის შესახებ" 1957 წლის ევროპული კონვენციით, "სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ" მინსკის 1993 წლის კონვენციითა და "სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ" საქართველოსა და უკრაინას შორის 1995 წელს დადებული ორმხრივი ხელშეკრულებით. 

პროკურატურის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად განიხილონ და გადასცენ ერთმანეთს ძებნილი პირები.

დღის ამბები