აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისში იმყოფება. ვიქტორია ნულანდმა ოფიციალური შეხვედრების შემდეგ კომენტარი ქართველ ჟურნალისტებთან გააკეთა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი უკრაინა-საქართველოს გადასაწყვეტია და თემაზე საუბრისგან თავს იკავებს.
"რამდენადაც ჩვენ ვიცით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიწვიეს, რომ იყოს წევრი იმ ფართო მრჩეველთა ჯგუფისა, რომელიც პრეზიდენტმა პოროშენკომ ჩამოაყალიბა. როგორც მოგეხსენებათ, უკრაინა მიისწრაფვის იმისკენ, რომ მიიღოს ფართო გამოცდილება საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ბევრი უმუშავიათ რეფორმების საკითხებზე. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არის კერძო მოქალაქე და ეს მისი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება ექსტრადიციის მოთხოვნას, ეს არის საქართველოს მოთხოვნა უკრაინის მიმართ. ამდენად, ეს არის ორმხრივი საკითხი ორ ქვეყანას შორის და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ," - თქვა ვიქტორია ნულანდმა.
საქართველოსა და უკრაინის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.
"ახლა არის ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან თქვენ ორივე ცდილობთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დადგეთ და მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს და უკრაინის ყველა მოქალაქეს, ამ პროცესში მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, თქვენ გჭირდებათ ერთმანეთი," - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.