„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ინიციატივა არ სრულდება. საუბარია განვითარების ბანკის შექმნაზე, რომელიც წინასწარი განცხადებით მხოლოდ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებზე იმუშავებდა.
განვითარების ბანკის შექმნის იდეა გაზაფხულზე გაჟღერდა. რამდენიმე დღის წინ კი ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ახალ საფინანსო ინსტიტუტს არა ბანკი, არამედ კორპორაცია ერქმეოდა.
გუშინ სათანადო კანონ-პროექტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს უნდა განეხილა, მაგრამ განხილვა გადაიდო. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე განმარტავს, კანონპროექტის განხილვა მომხსენებლის, – შალვა თადუმაძის თხოვნით იმ მიზეზით გადაიდო, რომ საკითხზე ჯერ მთავრობის ეკონომიკურ საბჭოს უნდა ემსჯელა.
დღეს კი მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივანი რომან ჩხენკელი აცხადებს, რომ ფინანასური კორპორაციის შექმნაზე საუბარი ნაადრევია და აუცილებელია, რომ პირველ რიგში სათანადო კვლევები ჩატარდეს.
მისივე განმარტებით, ამ პროცესის დასრულებამდე იმ ფუნქციებს, რაც განვითარების ფინანსურ კორპორაციას უნდა შეესრულებინა, საჭიროების შემთხვევაში, ნაწილობრივ "საპარტნიორო ფონდი" შეითავსებს.
მთავრობის ოფიციალური განმარტებები კი ჯერჯერობით უცნობია.